18ივლ,2022
საზაფხულო სკოლა „გამძლეობის ვარჯიში, მზადება აღდგენისთვის“
2022 წლის 27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ჩატარდა საზაფხულო სკოლა „გამძლეობის ვარჯიში, მზადება აღდგენისთვის“, რომლის იდეა იყო პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების შეხვედრა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინელი სტუდენტებისათვის მხარდასაჭერი გზების/ღონისძიებების ძიება. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა საბაუნის თეოლოგიის მაგისტრი, გიორგი ლელუაშვილი.
ორ კვირიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა სწორედ იმ ქალაქში, რომელმაც უშუალოდ გამოსცადა ომის ნგრევა და ომის შემდგომი აღდგენა განახლება და დატვირთული იყო ლექციებით, სამუშაო შეხვედრებითა და კულტურულ ღონისძიებებით. „საზაფხულო სკოლა მოიცავდა ლექციებს და პრაქტიკულ გაკვეთილებს ინტერაქციული სწავლების ფორმატით. სტუდენტებს საშუალება გვქონდა ვწვეოდით ქალაქ დუბროვნიკის ღირსშესანიშნაობებს, უკეთ გავცნობოდით ქალაქის უახლეს ომისდროინდელ წარსულს და განგვეცადა აღდგენილი ქალაქის სილამაზე“ - გიორგი ლელუაშვილი, საბაუნის თეოლოგიის მაგისტრი.
საზაფხულო ბანაკმა შეკრიბა ორმოცდაათამდე სტუდენტი საბაუნის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებიდან (უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, რუჟომბეროკის უნივერსიტეტი, ხორვატიის უნივერსიტეტი) და პროფესორები ევროპიდან და ამერიკიდან. პროგრამის დასასრულს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის, ნანოვიკის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (ნოტრ დამის უნივერსიტეტი, აშშ) და უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ.