
28ნოე,2023
სულხან-საბა ორბელიანის სამართლის ფაკულტეტი ევროპარლამენტში შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდა
6-11 ნოემბერს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და პრაქტიკოსი იურისტები საგანმანათლებლო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ.
დელეგაციას ჰქონდა პრივილეგია, ევროპული მმართველობის გულში შეესწავლა ისეთი საპატიო ინსტიტუტები, როგორებიცაა: ევროპარლამენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპის საბჭო. შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩაღრმავებოდნენ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკას და მიეღოთ ცოდნა მათი საქმიანობისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა, მარიამ საბედაშვილმა ასეთ შემეცნებით ტურში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა. მან ხაზი გაუსვა ამ გამოცდილების ტრანსფორმაციულ ხასიათს და აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ აღრმავებენ ცოდნას, ასევე აძლიერებენ კარიერულ მისწრაფებებს.
"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში ვიზიტებმა ჩემი მიზანი საბოლოოდ ჩამოაყალიბა. ვფიქრობ, მომავალში ჩემი კარიერა სწორედ ამ ევროპულ სტრუქტურებს დავუკავშირო" - ამბობს მარიამი
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ევროპარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ მათი მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
საბაუნელების სტუმრობა ევროპარლამენტში სიმბოლური იყო, რადგან ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციასა და სულხან-საბა ორბელიანის 365 წლის იუბილეს დაემთხვა.
ამ ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები საბაუნის სამართლის ფაკულტეტისთვის უცხო არ არის. უნივერსიტეტი მსგავს პროექტებს წელიწადში რამდენიმეჯერ აორგანიზებს და ამით სტუდენტებს, ლექტორებს და პრაქტიკოსებს თვალსაწიერის გაფართოების უნიკალურ შანსს აძლევს. სტრასბურგში საბაუნის დელეგაციის ვიზიტის რაოდენობა უკვე ოთხს ითვლის, ხოლო სტრასბურგამდე რამდენიმე ვიზიტი შედგა ჰააგასა და ვარშავაში.