
03მარ,2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები რიეკას უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 16-19 თებერვალს, რიეკას უნივერსიტეტში (ხორვატია) გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 CBHE ინსტიტუციური პროექტის „მდგრადი სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას.
სამდღიანი შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრების პირველი დღე დაეთმო მონაწილეთა გაცნობას, სამოქალაქო ჩართულობების მიმართულებებით მონაწილე უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაციას და შეხვედრებიდან მონაწილეთა მოლოდინების გაზიარებას. შეხვედრების მეორე დღე უშუალოდ ევროპელი პარტნიორების პრეზენტაციებს მიეძღვნა. ვინაიდან პროექტში ჩართულ ხორვატიულ და სლოვაკურ უნივერსიტეტებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ სამოქალაქო ჩართულობების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების მიმართულებით, მათი პრეზენტაციების დიდი ნაწილი, სწორედ ამ გამოცდილებას დაეთმო. ბოიანა კულუმმა რიეკას უნივერსიტეტიდან ისაუბრა სამოქალაქო ჩართულობების ღონისძიებების კურიკულუმში ინტეგრაციაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ ღონისძიებებში. ალზბეტა გრეგოროვა-ბროჟმანოვამ ინსტიტუციურ დონეზე ამ ღონისძიებების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.
მესამე დღეს მონაწილეებმა შეაჯამეს შეხვედრები, განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მსვლელობა, დაადგინეს შემდგომი შეხვედრების თარიღები და შესასრულებელი საქმეების ვადები.
შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ფიზიკურად ესწრებოდნენ შეხვედრას, ხოლო სიერა ლეონეს უნივერსიტეტების წარმომადგენლები ონლაინ იყვნენ ჩართულები დისკუსიებსა და პრეზენტაციებში.
Erasmus+ პროექტი „მდგრადი სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე “არის ორწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობების მიმართულებით. პროექტში ჩართულია ორი ქართული უნივერსიტეტი (საქართველოს უნივერსიტეტი (კოორდინატორი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი); ორი უნივერსიტეტი სიერა ლეონედან (მაკენის უნივერსიტეტი, სიერა ლეონეს უნივერსიტეტი); ერთი ხორვატული უნივერსიტეტი (რიეკას უნივერსიტეტი) და ერთი სლოვაკური უნივერსიტეტი (მატეი ბელის უნივერსიტეტი ბანსკა-ბისტრიცაში).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროექტში ჩართულები არიან, პრორექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი და ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი და ასისტენტი, ცისია ოქროპირიძე.
გალერეა
 (1).jpeg)
 (1).jpeg)
 (1).jpeg)
 (1).jpeg)
.jpeg)
.jpeg)